გვერდები

ქართული ცეცხლსასროლი იარაღები




არჩილ მეფე ზნეთა აღწერისას ამბობს – ახლა დაუცადი მსროლელობაც ზნედ ითვლებაო. მართლაც, ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამ ძლიერ იმოქმედა ტრადიციებზე. 
ხალხურ საგმირო პოეზიაში ნათლად ჩანს, რომ თუ ადრე ხმლით ტევება ითვლებოდა ვაჟკაცობად (“მალვით ვინც მტერი მტერს მოკლავს, ის ქალს ვითა სჯობს თმიანსა?”), თოფის დამკვიდრებასთან ერთად ჩასაფრება და მარჯვედ სროლა იქცა ხოტბის საგნად.
ცეცხლსასროლი იარაღი ასევე აირეკლა ჩაცმულობაზე (ჩოხაზე გაჩნდა სამასრეები, იგივე სასწრაფო) და არქიტექტურაზე (კოშკებს გაუჩნდა ვიწრო სათოფურები).
მართალია მშვილდი ჯერ კიდევ უფრო სწრაფმსროლელი იყო, მაგრამ ახალი იარაღით ჩვენი წინაპრის დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გარდა შავი დენთის წარმოებისა, ვახტანგ VI–ს, ნაშრომში “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, თოფის წამლის დამზადების ქართული ხერხიც აქვს აღწერილი.
ხალხურ პოეზიაში არის რამდენიმე მაღალმხატვრული სახე, რომელიც ტოლს არ უდებს ეპიგრაფად მოყვანილ ვაჟას სტრიქონს. ვთქვათ ასეთი:
“დააყარიან თოფები, ალი ახვიეს პირსაო, ხირიმი უშიშაისა ბისნის დაარღვევს ჩრდილსაო”,
ან კიდევ:
“დატყვრა და დატყვრა თოფები, ბოლი გეება წყალზედა, გადად–გადმოდის ტყვიაი, როგორც ფუტკარი სკაზედა”.
აქვე უნდა გავიხსენოთ პ. ჩხიკვაძის დოკუმენტური მოთხრობა “ნაბიჯები”, რომელმაც მრავალი საოცარი ამბავი შემოგვინახა თავისი დროის უბადლო მსროლელის დათიკო შევარდნაძის შესახებ.

Posted Image

თუ XIX საუკუნის მიწურულს მოღვაწე რუს იარაღთმცოდნეს გ. ნ. პროზრიტელევს ვერწმუნებით, რუსეთ–კავკასიის ომში რუსულ შეიარაღებაში არსებული თოფები საბრძოლო თვისებებით აშკარად ჩამოუვარდებოდნენ კავკასიურს და ეს ომის შედეგსაც ეტყობოდა.
ვითარება შეცვალა დიდი რაოდენობით “შტუცერის” შესყიდვამ რუსთა მიერ. პროზრიტელევის სიტყვით: ” – კავკასიური შაშხანა დიდი ღირსებით გამოირჩეოდა. პირველყოვლის ძალზე მსუბუქი იყო. მთიელებმა, უწინარეს, ვიდრე რუსები ქვეითი ჯარის თოფებს დახვეწდნენ, თავიანთი თოფები ხრახნილლულიანი გახადეს და ამით შორსმსროლელობა მიანიჭეს. კავკასიური შაშხანა სამიზნის მოწყობილობითაც ბევრად აღემატებოდა რუსულ ჯარისკაცულ იარაღს შტუცერების შემოღებამდე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთიულური შაშხანა არასოდეს გახეთქილა.”

ანდე – იარაღის ბუდე
აინალი – ერთგვარი თოფი
არშავი – თუთიის ტყვია
არშავიანი – ერთგვარი თოფი
ბეზი – დენთზე დატკეპნილი ჭინჭი
ბოყვიჩა – მაჩვის ტყავის ჩანთა, სინესტისგან დამცავი
ბურა – ერთგვარი ფალიიანი თოფი
ბუჩა – ერთგვარი თოფი
დამბაჩა – მოგრძოლულიანი ხელმეხა
დგუში – ზუმბა, გეზი, თოფის გასატენი
დიბლიგი – დიგლიგი, დუგლუგი, ხეტარი, კონდახი
დურდურა – ზარბაზანი
ერეჯიბი – ერთგვარი თოფი
ვერძი – თოფის სამკაული
ზამბურაკი – მცირე ზარბაზანი
ზარბაზანი – მსხვილყალიბიანი
თოფელა – ხელთოფა
თურგანი – დიდი თოფი
კასელი – თოფის სამკაული
კორა – მიზანში ამოსაღები
კუთხვა – ლულაწახნაგა (სვან.)
ლაღუმი – ლაღმი, ნაღმი
ლულა – თოფ–ზარბაზნის ტუჩი
მაჟარი – ერთგვარი თოფი
მაჭახელა – კაჟიანი თოფი
მუხტი – ფეთქებადი მასალის ოდენობა
ჟაკანი – მსხვილი ტყვია
სავაზნე – ვაზნებიანი სარტყელი
საკუთნო – დენთის ჭურჭელი
სამასრე – საქილე, სასწრაფო
სამიზნე – ჯილდა, სანიშნე
საპირისწამლე – თოფისწამლის ჭურჭელი
სართოველა – ხელთოფა
სასხლეტი – ჩახმახის ამძრავი
სიათა – თოფის სახეა
ფეშანგი – ტყვია (ფერეიდ.)
ფილთა – თოფის სახეა
ფინდიხი – მსხვილი ტყვია
ფიშტო – დამბაჩასავით
შაშხანა – თოფის სახეა
შუშხუნა – ცეცხლის სათამაშო
ჩარმა – თოფის სახეა
ჩოქელა – სასროლი დგომი
ჩუბინი – დაუცადი მსროლელი
ძეგლიგი – თოფის სახეა
ხარა – ხარათოფი
ხირიმი – ინგლისური თოფი, შემოდიოდა ყირიმიდან
ხორსი – ჩახმახის მოსაშლელი.

1 comment: