ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.
მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.
მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.
შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული.
ხახულის ღვთისმშობლის ხატი
|
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.
წმიდა ნიკოლოზის ფრესკა
|
მონასტრის მთავარი ტაძარი ღმრთისმშობლის შობის სახლობისაა. ეკლესია აგურითაა ნაგები. ტაძრის ხილვისას, უწინარეს ყოვლისა, მისი აზიდული პროპორციები იპყრობს ყურადღებას. მის ხუროთმოძღვრულ სახეს თავწყაროდ ტაძრის ის ტიპი უდევს, ასწლეულთა მანძილზე რომ იყო საქართველოში დამკვიდრებულ-გავრცელებული. გეგმაში სწორკუთხა, მაღალგუმბათიან ნაგებობას ფასადებზე ჯვრით დაგვირგვინებულლი დეკორი ამშვენებს.
მრავალრიცხოვანი სარკმლებიდან უხვად შუქჩაღვრილი ინტერიერი ტაძრის აგებისთანავე მოუხატავთ. ტაძრის ფრესკები, ნაწილობრივ დაზიანებული, მხატვრული გადაწყვეტით გვიანათონური მხატვრობის თანადროულია. ფერწერულ ანსამბლში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებისა და ცალკეული გამოსახულებების გვერდით ჩაურთავთ სამეფო ოჯახის პორტრეტი, რომელზეც წარმოდგენილია მეფე ლევანი, დედოფალი თინათინი და მათი ძე.
მონასტის მთავარ ტაძარს ორი პატარა ეკვდერი აკრავს. მათგან ერთი, ჩრდილოეთისა, მთავარანგელოზთა სახელობისაა. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ ის ტრაპეზის ძირი აღმოჩნდა. იგი 1995 წელს ეკურთხა წმიდა მამა დავით გარეჯელისა და გარეჯში მოღვაწე წმიდა მამათა სახელზე.
მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართული ოთხსართულიანი სამრეკლო ტაძრის თანადროული უნდა იყოს.
მონასტრის საცხოვრებელი
|
მონასტრის სწორუპოვარ მნიშვნელობაზე მეტყველბს ის საგანძურიც, რომელიც ასწლეულების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ შეწირულობების სახით მონასტრისთვის იქნა ბოძებული - მათ შორის იყო ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი და სხვ. აქვე ყოფილა მდიდარი წიგნსაცავიც.
XIX ს-ში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე, მარიამ ავალიშვილი (1836), პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1846), დავით ჭავჭავაძე (1884). ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის - ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისათვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ძირითადი საქმიანობაა: ხატწერა, ხელსაქმე, მთარგმნელობითი საქმე, სამონასტრო მეურნეობის მოვლა-პატრონობა.
ტაძრის დღესასწაული 8(21) სექტემბერსაა - ღმრთისმშობლის შობის დღეს; მეორე დღეს, 9(22) სექტემბერს, ეპისკოპოს პირიონის მიერ დაწესებულია დედოფალ თინათინის სულის მოსახსენიებელი მსახურება - წირვა-ლოცვა.
- See more at: http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/akhali_shuamta/akhali_shuamta.htm#sthash.nqic6nv5.dpuf
No comments:
Post a Comment