დაბალი ღობე - სუსტი, უძლური, ადვილად დასაჩაგრავი, აბუჩად ასაგდები (ვინმე)
დავთრების არევა - დაბნევა, თავგზის აბნევა, გზა-კვალის არევა
დათვური სამსახურის გაწევა - სარგებლობის ნაცვლად ზიანის მოტანა
დანა კრიჭას არ უხსნის - გაჯავრებულია, გაბრაზებულია, გულმოსულია, კრიჭაშეკრულია, ხმას ვერ იღებს
დანა ყელთან აქვს მიბჯენილი - უკიდურეს გაჭირვებაშია, გამოუვალ მდგომარეობაშია
დაფნის გვირგვინის დადგმა- დიდებით, შარავანდედით შემოსვა
დაღის დასმა - კვალის დაჩნევა, ბეჭდის დასმა
დედაბუდიანად მოთხრა - მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება
დედამიწამ პირი უყო - უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დედამიწამ ჩაყლაპა, მიწამ პირი უყო
დედამიწას არ ასცილებია - ძალიან პატარაა, ტუჩებზე რძე არ შეშრობია
დედამიწის ზურგზე - მთელ ქვეყანაზე, მსოფლიოში
დევი ყურით არ დაუჭერია - რაიმე განსაკუთრებული ვაჟკაცური საქმე არ გაუკეთებია
დიდ გულზე ყოფნა - უშიშრად, ამაყად ყოფნა
დიდი გული აქვს - ამაყია, მედიდურია, ქედმაღალია; გულმაგარია, დიდ გულზეა
დიდი დღე არა აქვს - დიდხანს ვერ იარსებებს, ხანმოკლეა, მალე მოეღება ბოლო
დილის სიოს არ აკარებს - განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს
დრო იხელთა - ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა
დროს გატარება - გართობა, ქეიფი, ლხინი
დროს მოკვლა - საქმის უქონლობის დროს როგორმე გართობა და დროს ისე გატარება
დროს მოჭმა - არსებობის დროს დასრულება, ცხოვრების გზის ბოლომდე გავლა; დაბერება, დაძველება, თანამედროვეობისათვის შეუფერებელი გახდომა
დუღს და გადმოდის - უხვადაა, ბლომად არის (ქონება, სიკეთე...), სიცოცხლით სავსეა (ცხოვრება)
დღე და ღამის გაერთიანება/გასწორება - ძალიან ბევრი, გამუდმებული შრომა (დღეცა და ღამეც)
დღეები დათვლილია (ვისიმე, რისამე) - (ვისიმე, რისამე) აღსასრული მოახლოებულია, მალე მოკვდება, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ვინმე)
დღის სინათლეზე გამოტანა - გამომჟღავნება, გამოაშკარავება, მხილება (რაიმე დაფარული ამბისა)
No comments:
Post a Comment